ნივერსიტეტის მისიის განაცხადი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია ეფუძნება იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ ქვეყანაში ცოდნის ეკონომიკის განვითარებას ძლიერი კვლევითი უნივერსიტეტისა და ამის შედეგად ჩამოყალიბებული განათლებული, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარ(ებ)ის მქონე ადამიანთა ერთობა განაპირობებს.ამიტომ კვლევითი უნივერსიტეტის წვლილი ქვეყნის განვითარებაში, უპირველეს ყოვლისა, არის არა ეკონომიკის დარგების განვითარება, არამედ ცოდნის ეკონომიკის შესაძლებლობების შექმნა.
საქართველოში ცოდნის ეკონომიკის განვითარების ძირითადი წინააღმდეგობა საქართველოს კვლევების უქონლობაა. საქართველო და მისი პოტენციალი პრაქტიკულად გამოუკვლეველია როგორც დედამიწის შემსწავლელი თანამედროვე მეცნიერებების, ასევე ეკოლოგიის, ბიომრავალფეროვნებისა და XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე წარმოქმნილი თუ განვითარებული მრავალი სხვა კვლევითი მიმართულების მიხედვით. ასევე შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ახლა იწყება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დამყარებული კვლევების განხორციელება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავითარებს მეცნიერებათა ფუნდამენტური პრობლემების კვლევას, რადგან ფუნდამენტური მეცნიერების თანამედროვე დონის შენარჩუნება არის როგორც წარმატებული საუნივერსიტეტო სწავლების, ასევე მეცნიერთა მომზადების საფუძველი. ფუნდამენტურ მეცნიერებათა კვლევებზე დაყრდნობით უნივერსიტეტი აწარმოებს საქართველოს კვლევას ყველა შესაძლებელი მიმართულებით. ხოლო საქართველოს კვლევებზე დაყრდნობით უნივერსიტეტი ხდება საერთაშორისო კვლევების ინიციატორი და ერთვება უკვე არსებულ საერთაშორისო პროგრამებში. ყოველივე ეს საქართველოში წარმოებულ კვლევას საერთაშორისო სამეცნიერო კონტექსტში ათავსებს, რაც, თავის მხრივ, ეხმარება უნივერსიტეტს ფუნდამენტურ მეცნიერებათა სფეროში შეინარჩუნოს თანამედროვე მსოფლიოში არსებული დონე.
აქედან გამომდინარე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობა ემყარება კვლევით სამკუთხედს. ეს ნიშნავს უნივერსიტეტში სამი ურთიერთგადამკვეთი მიმართულების არსებობას. ესენია:
1. საქართველოს კვლევები;
2. მეცნიერებათა ფუნდამენტური პრობლემების კვლევები;
3. საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა.
ამ მისიაზე დამყარებული განვითარება არის ერთადერთი გზა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს.
No comments:
Post a Comment